თანამედროვე ხელოვნება „41/41“-ზე

get_img21-27 ივნისს Street art“-ის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები ბათუმში ათ კედელს მოხატავენ. სწორედ ამ დროსთვის იგეგმება „მირიქალ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე გალერეის — „41/41“-ის გახსნა.
შემინული, გამჭვირვალე შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე გამოფენაა, მეორეზე კი — მხატვარ გელა წულაძის სახელოსნო. შენობას ჯერ აბრა არა აქვს, თუმცა ცნობისმოყვარე ტურისტები და ახალგაზრდები ხანდახან მაინც სტუმრობენ გალერეას. გელა წულაძე ამბობს, რომ ამ შენობაში, გასულ წელს, აგვისტოში ჩატარებული ფესტივალ Street art“-ის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები გამოფინეს. შენობა მხატვრებს „სილქროუდ ჯგუფმა“ და „იბერია ჯგუფმა“ დაუთმეს.

გელა წულაძის განმარტებით, ფესტივალს „Street art“, Dot Comma ატარებს. „ამ ჯგუფმა დააარსა ეს გალერეა. ასევე პარიზში არის ძალიან ცნობილი გალერეა — „დაიჭირე სიზმარი“, რომელიც წარმოადგენს „Street art“-ის მხატვრებს. მათ ჰყავთ ოცამდე მხატვარი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ და მათთან თანამშრომლობით ვახერხებთ „Street art“-ის, ქუჩის მხატვრობის ჩვენებას საქართველოში.

„წელს ვემზადებით მეორე „შტრეეტ არტ“-სთვის, რომელიც 21 ივნისიდან 27 ივნისამდე ჩატარდება ბათუმში. მოიხატება ათამდე კედელი, ფესტივალში სულ 18 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. ჩამოგვყავს ათი მხატვარი საფრანგეთიდან, ასევე თბილისიდან. ამ სივრცეში გამოიფინება ამ მხატვრების დაბეჭდილი ნამუშევრები, ეს „Street art“ ერთი ნაწილია“, — ამბობს გელა წულაძე.

საგამოფენო დარბაზს 41/41 ეწოდება. „41 — ჩრდილოეთი, 41 — აღმოსავლეთი — ეს არის ბათუმის კოორდინატები, მერიდიანისა და პარალელის გადაკვეთა. ასევე ჩვენ ვიყენებთ იმ იდეას, რომ ასი წლის წინ ძმებმა ზდანევიჩებმა, რომლებმაც თავის დროზე აღმოაჩინეს ფიროსმანი, შექმნეს პირველი ავანგარდული ჯგუფი „41 გრადუსი“. 2019 წელს იქნება 100 წლისთავი ამ ჯგუფის და ჩვენი იდეაა, გალერეამ იმუშაოს იმ ქალაქებთან, რომლებიც 41-ე გრადუსზე იმყოფებებიან. ესაა თბილისი, ბაქო, სტამბოლი, რომი, ბარსელონა, ნიუ-იორკი, პიცბურგი, ჩიკაგო და სხვა ქალაქები. ამ წრეზე გვინდა ვიმუშაოთ. პირველი გამოფენა კი, რომელიც წელს, „Street art“-ის შემდეგ იქნება, არის შავი ზღვის თემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ერთი ნიუ იორკელი მხატვარი, ასევე, რომიდან იქნება ერთი მხატვარი, თბილისიდან და ბათუმიდან. ეს იქნება პირველი გამოფენა, რომელიც 41-ე პარალელზე იქნება დასმული“, — ამბობს გელა წულაძე.

გალერეაში შარშანდელი „Street art“-ის ფარგლებში წარმოდგენილი ნახატების გარდა გელა წულაძის ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი. „არის ჩემი ძველი ნახატები, 90-იანი წლების. ეს არის ის პერიოდი, როცა მე საფრანგეთში ვმუშაობდი, ბარსელონაში და ნიუ იორკში. შარშან გადმოვიტანე საფრანგეთიდან და ნელ-ნელა გამოვფინე“, — ამბობს გელა წულაძე.

ბათუმში გელა წულაძის ერთი ნამუშევარი — „ყირამალა“ დგას. მხატვარი უკვე მეორე წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ პარიზში 30 წელი ცხოვრობდა, უცხოვრია ბარსელონაში, ნიუ იორკში და ყველაფერი, რაც შეიძლება დიდ ქალაქს ჰქონდეს, ნანახი აქვს: „მე ზღვა მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით შავი ზღვა. ის ფონი, რაც აქ არის, შემოქმედებისთვის ძალიან საინტერესოა. ის, რაც დაიდგა ბათუმში ჩემი მუშაობით, ხელს უწყობს მონუმენტალური ქანდაკების წარდგენას. ფონია ისეთი, რომ ხელს არაფერს არ უშლის. და ასევე კლიმატი: ვგიჟდები ამ კლიმატზე, იძახიან, ნესტიაო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პარიზის ცენტრში ექვსი თვის მანძილზე უფრო მეტი ნესტია, ვიდრე აქ. ასევე კავკასიონი, რომ ჩანს… მე ასეთი სილამაზის ხედი არ მინახავს. ექსპერიმენტალურ-ლაბორატორიულ-სამხატვრო სახელოსნოსთვის ბათუმი იდეალური ადგილია“.

გელა წულაძე ამბობს, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისგან შეთავაზებაც მიიღო და წელს ფესტივალში უნივერსიტეტის სტუდენტები ცნობილი მხატვრების ასისტენტები იქნებიან. „სექტემბრიდან კი ვაპირებთ ურბანული ხელოვნების სწავლებას. ვაპირებ სტუდენტების აქ მოყვანას, იმ პროექტების ჩვენებას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ნახონ, როგორ სრულდება ეს. ჩვენთან, აკადემიაში, არ ასწავლიან, ვთქვათ, ხარჯთაღრიცხვას. მერე ხვდები, როცა 40-50 წლის ხარ, რომ ხარჯთაღრიცხვა თურმე აუცილებელია და რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, ეს აუცილებელია და როცა არ იცი, წვალობ. ეს მხარეც მინდა სტუდენტებს ვაჩვენო, რომ მიხვდნენ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და უამისოდ თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ძნელია. მე-19 საუკუნეში რაც იყო, მხატვრის რომანტიკული მხარე, უკვე დამთავრებულია. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ და აუცილებელია ეს იცოდე. შეიძლება მერე ეს გამოიყენო ან არ გამოიყენო, მაგრამ იმის თქმა, რომ მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ მხატვარი ვარ… მხატვრის ეს სტერეოტიპი უნდა შეიცვალოს. ეს გალერეაც ამის მაგალითია, თურმე მხატვრებს ასეთი ადგილი შეიძლება ჰქონდეთ აქ ცენტრში და არა სადმე დარბაზში, დახურულ სივრცეში, სადაც არავინ მიდის, არავის არ აინტერესებს. აქ სივრცეა, სინათლეა და იმის საშუალებას გაძლევს, ეს ყველაფერი შეიგრძნო.

კითხვაზე, მისი აზრით, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის კულტურული ცხოვრების მიღმა დარჩეს, გელა წულაძე პასუხობს, რომ — არა.

„ახალგაზრდებმა, ვინც აქ დადიან, სკეიტბორდებით ვინც აქ ტრიალებენ, მათ იციან, რომ ეს მათთვის კეთდება. ეს დროის ამბავია. 20 წელიწადში, როცა ეს ყველაფერი ნანახი ექნებათ, ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალი მოქალაქეები იქნებიან. ამ გალერეას პრეტენზია აქვს, თანამედროვე ხელოვნება აჩვენოს. ბათუმში უკვე არის რაღაც პრეცედენტები. „WHERE“ რომ არის ქანდაკება, ჟან დიუპის, „ლიბეხტე“, რომელიც არის ბენის, ეს ორი ძალიან დიდი მხატვარია, რომლებიც „ფლუქსუსის“ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ამ მიმდინარეობის ქანდაკება მსოფლიოში არსად არ არის გარდა ბათუმისა. ასე რომ, ბათუმს უკვე დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული, უბრალოდ, სანამ ამას გავაანალიზებთ, ალბათ დიდი დრო დასჭირდება. ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ქანდაკებების წინ გაიზარდნენ, როცა ნახავენ გამოფენებს, რაც აქ გაიმართება, მიმაჩნია, რომ ეს დიდი ნაბიჯია. ეს, ვისაც აინტერესებს ხელოვნება, ვინც არ არის დაინტერესებული, ბოლოს და ბოლოს მაინც მოვა და შეხედავს — არ არის აუცილებელი ყველა მხატვარი გახდეს, მაგრამ არ იტყვის, „ამას ხომ მეც დავხატავ“.

წყარი : გაზეთი «ბათუმელები»

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s