გელა წულაძე — სტატია

get_img1; 3; 9; თუ რაღაც ამდაგვარი რიცხვების კომბინაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ჩარაზულ” სადარბაზოში შეაღწიო. იფიქრებ — რა საჭიროა ეს კოდები და შტრიხკოდები, როცა უფრო მარტივადაც შეიძლება. მანამდე გაგონილი ამბები ფრანგი ფერმწერისა და მისი შემოქმედების შესახებ ხომ თავისუფლების ილუზიას გიქმნის და ეს ბარიერი, ცოტა არ იყოს, გაშინებს. დაუფლებული განცდა მხოლოდ კიბის ათიოდე საფეხურზე გრძელდება, შემდეგ აღარც კი გახსოვს, ალისასავით მყუდრო ოთახში როგორ აღმოჩნდები, სანდომიან, სასიამოვნოდ მოსაუბრე მამაკაცთან ერთად, რომელიც „მოღუღუნე ფრანგული” ინტონაციით ღიად და თავისუფლად საუბრობს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების, განცდებისა და ემოციების შესახებ.

10 წლის იყო, როდესაც მამამ კირილ ზდანევიჩის სახელოსნოში წაიყვანა. დაამახსოვრდა საღებავების და ფერების აურაცხელი რაოდენობა. მაშინ მიხვდა, რომ ეს ყველაზე უფრო ლამაზი რამ არის ცხოვრებაში და ამაზე ფიქრი არ შეუწყვეტია, სანამ ფერმწერი არ გახდა.

გელა წულაძე დაიბადა თბილისში, დედა ფრანგი ჰყავდა, მამა ქართველი, ამიტომ თვლის, რომ ორივე კულტურის შვილია. თუმცა 1980 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს, სამხატვრო აკადემიიდან საბუთების გადატანა პარიზში მოუხდა. დაამთავრა პარიზის სამხატვრო აკადემია და 1982 წლიდან საკუთარ სახელოსნოში სხვა თანამედროვე ფრანგ მხატვრებთან ერთად თავისუფალი ფიგურაციის მიმართულებით მუშაობს.

„ქართული და ფრანგული მიდგომა ცხოვრებისადმი განსხვავებულია, განსხვავებულია ფერები, მუსიკა, ლიტერატურა, ცხოვრების ფილოსოფიური გააზრება. ეს ორი უკიდურესობა ერთად, ხელს არ მიშლის, პირიქით, მამდიდრებს და მეხმარება შემოქმედებაში. საერთოდ, ყველაზე კარგად თვითმფრინავში ვარ, 4 საათი, როცა ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფები, როცა მხოლოდ ჩემს თავთან და ღრუბლებთან ვარ, ვისვენებ…” თვლის, რომ მის ნამუშევრებში კომპოზიციურად ევროპული მხარე ჭარბობს, რასაც ფრანგულ სკოლას აბრალებს, ფერებიც უფრო დასავლური აქვს — მკვეთრი. „სპონტანურობა, სიყვარული და პოეზია, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ლაიტმოტივად მიჰყვება, ნამდვილად ქართულია”.

ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ბებიასთან და ბიძაშვილებთან პარიზში უწევდა წასვლა, ამიტომ ადაპტაციისა და „კულტურული შოკის” პრობლემა არ ჰქონია, „ერთადერთი ეს იყო სურნელი, რომელიც სრულიად განსხვავებული აქვს თბილისსა და პარიზს, საქართველოს სურნელს ხშირად სიზმარში ვგრძნობდი და განვიცდიდი, საქართველოში ჩამოსულს კი პარიზული ქუჩების, მაღაზიებისა და სადარბაზოების სურნელი მენატრებოდა”.

გელასთვის ბავშვობის განცდები მნიშვნელოვანია, მისი აზრით, ის, რაც იქ ინახება, მომავალში პოეზიად, ფერწერად თუ რაიმე სხვა სამყაროდ გადაიქცევა. მის შემთხვევაში ასეც მოხდა.

„ერთხელ მამამ ოთახში, სადაც პროფესიით ფსიქოანალიტიკოსი,თავის პაციენტებს იღებდა, „ტახტის” გასწვრივ, ჭერზე შავი წერტილი დამასმევინა. წლების მანძილზე მამა იმ წერტილით პაციენტებზე ჰიპნოზს ატარებდა. როდესაც აკადემიაში ჩავაბარე და საფრანგეთში მოვხვდი, სულ ძიებაში ვიყავი, მინდოდა რაღაც ჩემი მეპოვა, გამახსენდა მამის მიერ დასმული შავი წერტილი და მივხვდი, რომ ე.წ. შავი წერტილით მამამ ქვეცნობიერის გასაღები მომცა. მას შემდეგ ვხატავ ყველაფერს, რაც შავ წერტილში ერთიანდება, კოლექტიური თუ ჩემი პირადი ქვეცნობიერი შეგრძნებებით”.

წერტილის თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს, 2009 წელს მოსკოვის ბიენალეზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მან გამოფენა მამას მიუძღვნა, სადაც ნარაცია ისევ და ისევ წერტილისა და მძიმის საშუალებით ვითარდება. უკიდურესი რეალიზმით, ზეთში შესრულებული ტილოები, გელას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („Experience”) „სტოპ კადრებს” წარმოადგენს.

„ჩემს თემაში წერტილთან ერთად, დიდი ხანია, სიყვარული დომინირებს. შეყვარებული, რომელიც დადის ხელებზე, სახელწოდებით „ყირამალა”, ბათუმის ბულვარში უკვე დაიდგა. თემა ასეთია: თუ შეყვარებული ხარ, ხელებზე სიარულიც უნდა შეგეძლოს. 30 წლის ვიყავი, როდესაც გულის თემაზე დავიწყე მუშაობა, ჯერ კიდევ იქიდან მოდის „ყირამალას” კონცეფცია. დღეს კი მნახველები მიდიან და „ყირამალასთან” ფოტოებს იღებენ. ვგრძნობ, რომ ეს საქართველოში ახალია და მოსწონთ, სწორედ ეს მაძლევს სტიმულსა და ინსპირაციას, რომელსაც ალბათ უკანვე, ჩემი შემოქმედებით ვაბრუნებ. ერთი წელია, ქანდაკებების თემაზე ვმუშაობ, „ყირამალა” სერიიდან „ვარიაცია სიყვარულზე” პირველია. პროექტს, როგორც აჭარის, ასევე ადგილობრივი მთავრობა და კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს და 25 ოქტომბერს კიდევ ორი „შეყვარებული ქანდაკების” თვითმხილველი გახდება ბათუმი. ერთი მათგანი ზღვის პირას გაიხსნება, ხოლო მეორე ბულვარში, ეს სერია თბილისშიც გაგრძელდება და მომავალ წელს ვაკის პარკშიც შევძლებთ ქანდაკების დადგმას”.

თვითონ როგორც საკუთარი, ასევე საქართველოში მოწვეული სხვა ხელოვანების პროექტის კურატორია. ქანდაკებების იდეა ვილა გარიყულაში, ფესტივალ FEST I NOVA-ს ფარგლებში გაჩნდა. „ამ პროექტში რამდენიმე ფრანგი და ქართველი ხელოვანია გაერთიანებული. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი მხატვარი ჟან დეპუია, რომელიც ზაფხულში თავისი ქანდაკების („WHERE”) გახსნაზე ბათუმში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ვმუშაობთ ელიზა ფანტოზის თემაზე, რომელიც „კვერცხებზე შემდგარი წონასწორობის შესახებ გვეკითხება და გვაფრთხილებს, რომ საზღვარი მყიფეა და მსხვრევადი”, — „კედები კვერცხებზე”, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს თბილისში, მზიურში უნდა დაიდგას. წინ უამრავი პროექტია განსახორციელებელი. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ნელ-ნელა ქართული ხელოვნებაც მიუახლოვდება ხალხს და ის აღარ იქნება მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი”.

ადამიანებს ამარტივებს, კონტურული ქანდაკებები და ნამუშევრები, რომლებიც იეროგლიფებს ჰგავს, მარტივი და ამავდროულად ორაზროვანია. ეს არის ის ინდივიდუალიზმი, რასაც თვითონ ნარატიულ, თავისუფალ ფიგურაციას უწოდებს. ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება, ფერწერული ტილოებისა და გობელენების, დოკუმენტური ფილმისა და ქანდაკებების ავტორმა ცხოვრების პირველი ეტაპი დაასრულა, ახლა მეორე ორმოცდაათწლეულს ელოდება.

… სახლიდან გამოსული, სადარბაზოში თბილისურ სუნს გადაამოწმებ, ღრმად ჩაისუნთქავ და მიხვდები, რომ თვალები არ გახსოვს. გახსენდება მისი მუქი სათვალე, რომელიც ხელს გიშლიდა, შეგეხედა თვალებში. ამბიცია წამში დაიმსხვრა:

გეგონა, ადამიანს ერთ „დიქტოფონში” დატევდი?

შეცდი… მან, კიდევ ბევრი დაიტოვა თავისთვის!

წყარო : ტაბულა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s